ევროპავ -
ერთმანეთს რომ სწორად გავუგოთ,
შენი რამდენიმე ენა ვისწავლე,
შენ კი ჩემი გვარის სწორად გამოთქმაც არ გიცდია.
პირველი შეხვედრისას
ბედნიერებისგან ხმამაღლა გადავიხარხარე
(ჩემი ქვეყნის ხალხივით),
მერე ვიყვირე ტკივილისგან
(ჩვეულებისამებრ),
შენ კი გამაფრთხილე, რომ აქ 22:00-იდან
ნებისმიერი ხმა ხმაურად მიიჩნევა.
ევროპავ -
შენ გამაკვირვე და თავიც გავიკვირვე
თუ როგორ გავხდი შენზე უფრო თეთრი და ქერა,
და რა ხალისით ავაყოლე ხმა შენს მიტინგებს,
მათ წინააღმდეგ, ვინც არ უნდა ამომერჩია...
ლურჯი თვალებით, ლურჯი სისხლით, წითელი პასპორტით
შენი ბიჭები ღამეებში
ვნახე სიზმარი შენი,
მაგრამ შენი დილები არასდროს გახდა ჩემი, ევროპავ...
შემიყვარე, მაგრამ ცოლად არ მომიყვანე...
ევროპავ -
ათას ერთი ღამის ზღაპრები მთხოვე,
მაგრამ ზღაპრული ვერაფერი მოვიფიქრე
აფეთქებებით და ომის წამოყვირებებით სავსე
ჩემი ბავშვობიდან.
ჩემში მცხოვრები ყველა ბავშვი გაიზარდა...
ჩემში მცხოვრები ყველა ჯარისკაცი დაიღალა, ევროპავ...
ჩემში მყოფი ყველა მოხეტიალე დაიკარგა დაუბრუნებლად...
შენში მოვედი, რათა ერთი წამით არანაირი ვიყო, რათა დავმშვიდდე...
ევროპავ, ჩემი გული ამ ხილულ 56 კილოზეც მძიმეა,
მაგრამ შენს გულს ჩემი გული თუ არ სტკივა,
მაშინ სხეულსაც ნუ შეიმჩნევ.
_სომხურიდან თარგმნეს ასია დარბინიანმა და დიანა ანფიმიადმა